Background Image

Huawei შესაძლოა პირველი მწარმოებელი იყოს, ვინც დრეკად სმარტფონს გამოუშვებს

16:14 17 მაისი, 2018

დღევანდელი სმარტფონთა ბაზარი საკმაოდ ერთფეროვანი გახდა. უკვე ათწლეულის მანძილზე, ყოველ წელს ვევლინებით მწარმოებლების ახალ მობილურ მოწყობილობებს, რომლებიც ვიზუალურად ასე თუ ისე ერთმანეთს ჰგვანან, ფორმა კი ძირითადად მართკუთხედი რჩება, არანაირი ცვლილება ფორმ-ფაქტორში და დიზაინში თითქოს და არაა.

დრეკადი ეკრანების განვითარებასთან ერთად უკვე საკმაოდ დიდი ხანია ველოდებით დრეკად სმარტფონებს, რომლებიც მხოლოდ ფანტასტიკურ ფილმებში ან საკონცეფციო ვიდეოებში გვაქვს ნანახი. მართალია ზოგ მწარმოებელს მუშა პროტოტიპებიც ჰქონდათ და აჩვენებდნენ კიდევაც სხვადასხვა ტექ-გამოფენებზე, თუმცა აღნიშნულმა ტექნოლოგიამ ჯერ ვერ მოაღწია მომხმარებლის ხელამდე და მისი შეძენა ამ მომენტისთვის შეუძლებელია.

ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ინტერნეტ სივრცეში Samsung-ის გაჟონილი ინფორმაცია და პატენტები დადის, რომ კომპანია Galaxy X-ის გამოშვებას აპირებს – პირველი დრეკადი სმარტფონი, რომელიც მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მისი გამოსვლა თითქოს ყოველ წელსაა დაგეგმილი, თუმცა მუდმივად ჩნდება მიზეზი მისი გადადების: გასულ წელიწადებში მიზეზი ის იყო, რომ ტექნოლოგია მომხმარებლისთვის ბოლომდე მზად არ იყო, წინა წელს კი Samsung-ის პრეზიდენტმა თავად განაცხადა იმის შესახებ, რომ აღნიშნული დრეკადი სმარტფონის სამომხმარებლო ინტერფესი მზადების პროცესშია და ჯერ კიდევ ბევრი ამოცანაა გადასაწყვეტი თუ დასახვეწი, UI კი ადაპტირებული უნდა იყოს დრეკად ეკრანთან, რათა მომხმარებელმა მისი გამოყენებისას მაქსიმალური კომფორტი იგრძნოს.

Galaxy X-ის გამოსვლა ამჯერად 2018 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, თუმცა, როგორც ჩანს, დრეკადი სმარტფონების გამოსვლას ასევე Huawei უერთდება და შესაძლოა დაასწროს კიდეც კორეელ მწარმოებელს.

Huawei-ს გენერალურმა დირექტორმა Richard Yu-მ ჯერ კიდევ 2017 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ კომპანიას უკვე აქვს დრეკადი სმარტფონის მუშა პროტოტი და მასზე ჯერ კიდევ მუშაობენ. ინტერნეტ სივრცეში ასევე გავრცელდა პატენტების სურათები და დიაგრამები, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს აღნიშნული პროდუქტი.

პატენტის სახელწოდება მარტივად – “დრეკადი სმარტფონია”, დიაგრამიდან კი ცალსახად ჩანს ტელეფონი, რომელსაც გადაკეცვა შეუძლია და უფრო ფართო ეკრანიან ტაბლეტად იშლება, ისევე, როგორც გაჟნილი ინფორმაციების მიხედვით ეს Galaxy X-მაც უნდა გააკეთოს.

პატენტის დიაგრამის დადებითი მხარე ისაა, რომ როგორც ჩანს ეს იქნება დასაკეცი ეკრანი, შუაში კი არ იქნება განთავსებული სულელური სპეციალური დასაკეცი მექანიზმი, რომელიც ეკრანს ორ ნაწილად გაყოფს და კონტენტის აღქმაში ხელს შეგვიშლის. ის ასევე იმდენად დრეკადია, რომ შეუძლია სრულად გადაშლა, როგორც მაგალითისთვის წიგნი და სრულფასოვან ტაბლეტად გადაქცევა.

Samsung-ისა და Huawei-ს გარდა, დრეკადი სმარტფონის პატენტი ასევე Apple-მა დაარეგისტრირა, რაც ნიშნავს იმას, რომ მალე შესაძლოა დრეკად iPhone-საც მოვევლინოთ და კონკურენცია საგრძნობლად გაიზრდება, თუმცა ამჯერად კითხვა იმაში მდგომარეობს, შეუძლია კი Huawei-ს დაასწროს ამერიკელ და კორეელ მწარმოებლებს? ჩინურმა მწარმოებელმა უკვე დაასწრო ორივე ტექ-გიგანტს და სმარტფონის ეკრანში ჩააშენა თითის ბიომეტრიული სკანერი (Huawei Mate RS), რაც ნიშნავს იმას, რომ მათ შესაძლოა დრეკადი სმარტფონების რბოლაშიც გაიმარჯვონ.

 

review.ge

 

 

კომენტარები